logo
ENG



"სამწუხაროა, მხარდამჭერებს შორის ჩვენი ლექტორების ნახვა" - თსუ-ის იურიდიულის სტუდენტები

08 მარ 202318:35
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/08/ch2hxpi6j6fkw5h.png

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები და კურსდამთავრებულები განცხადებას ავრცელებენ და აღნიშნავენ, რომ გუშინ ქართული ოცნების მიერ რუსული კანონის პირველი მოსმენით მხარდაჭერას გმობენ.

მათი თქმით, კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ნებისმიერი კანონმდებლობის მიღებას, რომელიც არღვევს საქართველოს კონსტიტუციის პრინციპებს და ძირს უთხრის საქართველოს სწრაფვას ევროპული მომავლისკენ.

სტუდენტები და კურსდამთავრებულები განსაკუთრებით მწუხარებას იმის გამო გამოხატავენ, რომ კანონპროექტის მხარდამჭერებს შორის მათი ყოფილი და მოქმედი ლექტორები - კობახიძე, კახიანი და ოხანაშვილიც იყვნენ.

"კანონპროექტის შინაარსი და მიზანი სრულად ემთხვევა 2012 წლის შემდეგ რუსეთის ფედერაციაში ადამიანის უფლებების ორგანიზაციების, დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების რეპრესირებისთვის მიღებულ კანონმდებლობას. კანონპროექტი დამაზიანებელია და საფრთხეს უქმნის საქართველოს თითოეული მოქალაქის ფუნდამენტურ უფლებებს. ის მკვეთრად უარყოფით ზეგავლენას მოახდენს სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებზე, რომლებიც იცავენ დემოკრატიულ ღირებულებებს, იბრძვიან კორუფციის წინააღმდეგ, მხარს უჭერენ ადამიანის უფლებებს, და დაუღალავად შრომობენ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის.

კანონპროექტი ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გაცხადებულ სწრაფვას ევრო-ატლანტიკური ორგანიზაციების წევრობისკენ, უგულებელყოფს ევროკომისიის მიერ გაცემული 12 რეკომენდაციის სულისკვეთებას და ჩვენს ქვეყანას როგორც - სუვერენიტეტის დაკარგვის, ისე საერთაშორისო იზოლაციის საფრთხის წინაშე აყენებს.

ჩვენთვის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის, განსაკუთრებით სამწუხაროა კანონპროექტის მხარდამჭერებს შორის ჩვენი ყოფილი და მოქმედი ლექტორების - ირაკლი კობახიძის, გიორგი კახიანისა და ანრი ოხანაშვილის ნახვა. კანონპროექტის მხარდაჭერით, მათ უარი განაცხადეს იმ პრინციპების ერთგულებაზე, რომლებზეც საუნივერსიტეტო სივრცეში საუბრობდნენ. აუცილებლად გვსურს აღვნიშნოთ, რომ იურიდიული ფაკულტეტის ლექტორების ნაწილი მაღალ პოლიტიკურ თუ ადმინისტრაციულ თანამდებობებს იკავებენ საქართველოს პარლამენტში, აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში. სამწუხაროდ, მათი დიდი ნაწილისგან ჩვენ არ მოგვისმენია პარლამენტის მიერ მხარდაჭერილი ანტიკონსტიტუციური კანონპროექტის კრიტიკა.

როგორც იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები და კურსდამთავრებულები, მოვუწოდებთ ფაკულტეტის დეკანს თამარ ზარანდიას, ადმინისტრაციულ და აკადემიურ პერსონალს, ღიად და მკაფიოდ დააფიქსირონ პოზიცია კანონპროექტისა და ქვეყნის ევრო-ატლანტიკური მომავლის დამაზიანებელი პროცესების შესახებ.

აგრეთვე, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, არ დაარღვიოს საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულება, რომლის შესაბამისადაც, ყველა კონსტიტუციურმა ორგანომ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა მიიღოს ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.

მიგვაჩნია, რომ ჩვენი, ამ ქვეყნის მოქალაქეების მოვალეობაა კონსტიტუციის ფუნდამენტური პრინციპების დაცვა და ევრო-ატლანტიკური მომავლისკენ სწრაფვის ხელშეწყობა. ჩვენ, ხელმომწერი პირები, მზად ვართ დავიცვათ და გავაძლიეროთ დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები, რადგან გვჯერა, რომ ეს ღირებულებები ყველას გვაერთიანებს", - აღნიშნულია განცხადებაში.

ქართულმა ოცნებამ 7 მარტს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონი პირველი მოსმენით მიიღო. 

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე 7 მარტს დილის 09:30 საათიდან შეიკრიბნენ მოქალაქეები, რომლებიც რუსული კანონის განხილვას აპროტესტებდნენ. აქტივისტები მას შემდეგ დაიშალნენ, რაც ცნობილი გახდა, რომ კანონს 9 მარტს განიხილავდნენ. თუმცა მამუკა მდინარაძის ინიციატივით, კანონი პლენარულ სხდომაზე ხუთშაბათის ნაცვლად გუშინვე განიხილეს.

განხილვის დაწყებისთანავე მოსახლეობა კვლავ პარლამენტთან შეიკრიბა. მას შემდეგ, რაც ოცნებამ, პირველი მოსმენით, რუსული კანონპროექტის მიღებას მხარი დაუჭირა ტერიტორიაზე ვითარება გამწვავდა.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ეზოში სპეცრაზმი იყო მობილიზებული. ასევე, მობილიზებული იყო წყლის ჭავლის მანქანა.

აქტივისტების რაოდენობის გაზრდის შემდეგ, პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზის გამოყენება დაიწყო, ასევე გაუშვა წყლის ჭავლი. 

პროტესტის პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ არაერთი განცხადება გაავრცელა და ირწმუნებოდა, რომ აქციაზე, სადაც მოქალაქეებს არბევდნენ, "პროპორციული ძალა გამოიყენეს".


close დახურვა